7
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში ჩატარდება!
  • მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში ჩატარდება!

    ”მე ვფიქრობ, რომ კრიტიკა სულ სხვა მიმართულებით უნდა მივმართოთ: კარგი იქნება, თუ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ქალაქში, ქუჩებში გადაინაცვლებს, რადგან ხარ თუ არა მისაღები მძღოლი, ამ კითხვაზე შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხის მიღება მხოლოდ რეალურ მოძრაობაშია შესაძლებელი და არა სპეციალურ მოედანზე,” - ეს გახლავთ ამონარიდი ”საქართველოს” მთავარი რედაქტორის, შალვა ბუაჩიძის სვეტიდან, რომელიც 2013 წლის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

    მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში, ქალაქის პირობებში მოუწევთ, - ამის შესახებ შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიაშია ნათქვამი.

    დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგეგმება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკური გამოცდის ჩაბარების სისტემის დახვეწა.

    "2014 წლიდან უკვე შესაძლებელია მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე. ასევე შემოღებულ იქნება პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქალაქის პირობებში) ჩაბარება", - ნათქვამია სტრატეგიაში.

    ამასთან, სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს ასევე იგეგმება ახალი ტიპის სანომრე ნიშნების შემოღება, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

    გარდა ამისა, დაგეგმილია სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების სწავლების დაგეგმვა.

    შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა და ღონისძიებას ესწრებოდნენ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სტრატეგია შსს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბერაიამ წარადგინა.
    2 314 ნახვა
    21-02-2014, 08:11