X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ლევან ბუაძეს სხეულზე რვა ტატუ აქვს
  • ლევან ბუაძეს სხეულზე რვა ტატუ აქვს

    მსახიობი და კინორეჟისორი ლევან ბუაძე მაყურებელმა ''ჩვენს ამბავში'' ნიკას როლით გაიცნო. ''ნიკა ცუდი ბიჭი არ იყო, მაგრამ ცოტა დიდი გული ჰქონდა და ბევრი ქალი ეტეოდა მის გულში. პირადად მე ცხოვრებაში ასეთი ''ბაბნიკი'' არ ვარ. მყავს ჩემი ერთადერთი და მისი ერთგული ვარ'', - გვითხრა მსახიობმა.
    მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეს პროექტი დაიხურა. შეხვედრისას შევეცადეთ, პირველ რიგში, ამის მიზეზი გაგვერკვია...

    - სამწუხაროდ, სერიალი დაიხურა. რამდენადაც მე ვიცი, ''იმედმა'' და ''ღამის შოუს სტუდიამ'' ურთიერთობა შეწყვიტა და ''ღამის შოუს სტუდიამ'' თავისი არხი გააკეთა. რა იქნება მომავალში, არ ვიცი.
    - კარგი, მოდი საუბარი წარსულიდან დავიწყოთ. ხელოვანების ოჯახში დაიბადე, დედა, მაია ტურიაშვილი, მსახიობია, მამა - ზაზა ბუაძე, კინორეჟისორი. ალბათ, მსახიობობა ბავშვობიდან გქონდა გადაწყვეტილი...
    - სამსახიობოზე ჩავაბარე, მაგრამ შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ კინოსარეჟისორო დავამთავრე, ანუ დიპლომით კინორეჟისორი ვარ. ძალიან პატარა ასაკიდან მიწევდა ყურება, როგორ იწერებოდა სცენარი, როგორ მუშაობდა მსახიობი როლზე. დედას ბავშვობიდან დავყავდი თეატრში რეპეტიციებზე, თუ მამა თბილისში იღებდა რამეს და ფილმში დედაჩემი თამაშობდა, მეც მათთან ერთად ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან მსახიობობაზე ვფიქრობდი, ამ პროფესიას ჟურნალისტიკა ''ეჭიდავებოდა'', მაგრამ 15-16 წლის ვიყავი, როცა საბოლოოდ არჩევანი მსახიობობაზე შევაჩერე. თავიდან დათო ანდღულაძის ჯგუფში ვსწავლობდი, შემდეგ გადავედი გოგი მარგველაშვილთან. ბოლოს კინოსკენ გადავიხარე, ალბათ თეატრს კინოს სიყვარულმა აჯობა.
    - არადა, უმრავლეს შემთხვევაში ეს პირიქით ხდება...
    - კი, თეატრი მიყვარს, დარწმუნებული ვარ, ჩემი და თეატრის გზები მომავალში გადაიკვეთება, მაგრამ კინო უფრო ჩემია. სულ ვამბობ, რომ გადასაღებ მოედანზე დავიბადე. მამაჩემმა დედა მაშინ გაიცნო, როცა თავის საკურსო ნამუშევარს, ''ჰავაურ ვალსს'' იღებდა და მაია თავის ფილმში ათამაშა. ორ წელიწადში, როცა მამამ მუშაობა დაიწყო თავის პირველ ფილმზე ''კედელი'', დედაჩემი ფეხმძიმედ იყო და უზარმაზარი მუცლით თამაშობდა. გადაღებები 1990 წლის ივლისში მიდიოდა და 11 რიცხვში მეც გავჩნდი (იღიმის). კინოში ყველა კუთხით მიმუშავია: როგორც მსახიობს, როგორც რეჟისორს, სცენარისტს და მინდა, რომ სულ ამ სფეროში დავრჩე.
    - სცენარებსაც წერ?
    - საერთოდ, დრამატურგია და ზოგადად, ლიტერატურა დიდ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში. ვცდილობ ვწერო, თუმცა როგორ გამომდის, ეს არ ვიცი (იღიმის). მაქვს სცენარები, მოთხრობები, სტატიები სხვადასხვა თემაზე. ძირითადად, ფსიქოლოგიური საკითხებია, რაზეც ადამიანები უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ... შეიძლება, ქვეცნობიერად ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვერბალურად არ გამოვხატავთ. ერთი მოზრდილი ნოველის გამოცემას ვაპირებ, რომელიც 2012 წელს დავწერე. თბილისური ისტორიაა, ავტობიოგრაფიული ჩანართებით, მეგობრების, ნაცნობების ან, უბრალოდ, ვიღაცებზე ყურმოკრული ან ჩემი თვალით ნანახი ფაქტებით. თემა ისაა, რომ ადამიანები სულიერ ამბებს ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, მეწვრილმანეები ვართ, არადა, კარგი იქნება, თუ უფრო ფართოდ შევხედავთ მოვლენებს.
    - რა ჰქვია შენს ნოველას?
    - საბოლოოდ არ გადამიწყვეტია, მაგრამ ახლა მას ''თბილისი სიწი'' ჰქვია.
    - ''სიწი''? ანუ ''სვეცკურად''...
    - ჰო (იღიმის), აბსოლუტური სატირაა, ირონია.
    - შენს ნაწერებს პირველი ვინ კითხულობს?
    - მამაჩემი, რადგან ის, ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი, ძალიან კარგი დრამატურგია. პროფესიონალია და ამ თვალსაზრისით პირველი მისი აზრი მაინტერესებს. საერთოდ, მერე ბევრს ვაკითხებ. ბევრის აზრი მესმის, ამით უფრო ვხვდები, როგორ მოქმედებს ადამიანებზე ესა თუ ის თემა და როგორ აღიქმება.
    - წარმოვიდგინოთ, ხვალ მოდის კაცი და გთავაზობს შენი სცენარებიდან ერთ-ერთის დაფინანსებას. რაზე შეაჩერებ არჩევანს?
    - ოოო, უნდა დავფიქრდე... არ ვიცი, მაინცდამაინც ჩემი სცენარებიდან?! მე სხვას გეტყვით. როგორც აღვნიშნე, დიპლომით კინორეჟისორი ვარ, მაქვს ოცნება, რომ ერთი პროექტი ვაქციო კინოდ. ჩემი აზრით, ძალიან კარგი ნაწარმოებია, ფაქტობრივად, კინოგადაღებისთვის დაწერილი - ''ჰაკი აძბა''. სერიოზული ბლოკბასტერია. ასე რომ, დღეს თუ ვინმე ასეთ რამეს შემომთავაზებს, ამ ნაწარმოებს ავირჩევ. რაც შეეხება ჩემს ნაწერებს, მინდა, ერთი სერიალი გადავიღო, სცენარს ''სათაგური'' ჰქვია. მაქვს მეორე, მისტიკური სერიალის სცენარიც. პილოტიც ჩავწერეთ და ვცდილობდით გამოსულიყო, მაგრამ საქართველოს ფარგლებში მისი განხორციელება ცოტა ძვირი დაჯდება. იმედია, როდისმე გადავიღებ. კიდევ ერთი პიესა მაქვს თეატრისათვის, რომელიც მინდა, სცენაზე გავაცოცხლო. დღეს ბევრი თეატრი უთმობს ახალგაზრდებს ადგილს და ეს ძალიან კარგია. კინოსგან განსხვავებით, დღეს ბევრ თეატრს მაინც აქვს ამის საშუალება.
    - შენი აზრით, უპირველესად რა თვისებები უნდა ჰქონდეს მსახიობს?
    - გამძლეობა და რკინის ნერვები. სხვანაირად შეუძლებელია დარჩე ამ პროფესიაში, არ დაჰკრა ფეხი და არ წახვიდე ბუღალტერიაში.
    - ბუღალტერია პირობითად, მაგრამ გქონია ასეთი სურვილი?
    - ძალიან ბევრჯერ მქონია ამის სურვილი, მაგრამ ასეთი შემოთავაზება რომ მქონდეს, ბუნებრივია, არ წავალ (იცინის). უბრალოდ, ზოგჯერ იღლები ადამიანი და ფიქრობ, ნეტავ, მეც მქონდეს სამსახური, სადაც 10-დან 6-მდე გავჩერდები, შაბათ-კვირას დავისვენებ და ა.შ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვიცი, ასე ვერ შევძლებ. სხვათა შორის, რამდენჯერმე მიცდია, მაგრამ სულ გამოვქცეულვარ. არ ვიცი, იქნებ, სხვანაირად არის ჩვენი ტვინი მოწყობილი?! ზოგადად, როცა ხელოვნებაში ხარ ადამიანი, რთულია, რაღაც ჩარჩოებში ჩაჯდე, ხელოვნება არ ექცევა არანაირ ჩარჩოში და შესაბამისად, ეს არ გამოდის. მაგრამ რომ მითხრა, გადაღებები გექნება 10 საათიდან 6-მდე, ან უფრო მეტი, არანორმალური გრაფიკით იმუშავებო, აი, ეს უკვე მომეწონება (იღიმის).
    - რეჟისორი, რომელთანაც სიამოვნებით იმუშავებდი...
    - სიამოვნებით ვიმუშავებდი ბევრ ჩვენს რეჟისორთან: თემურ ჩხეიძესთან, ჭოლასთან და სხვებთანაც, მაგრამ იმედია, არავის ეწყინება, თუ პირველ რიგში მამას დავასახელებ. არასოდეს არაფერი გაგვიკეთებია ერთად, ამ დროს სულ გვაქვს რაღაც იდეები, პროექტები, მაგრამ აქამდე ეს რატომღაც არ მოხერხდა. მსახიობ დედასთან ერთად მიმუშავია, ფილმში გადაგვიღეს ერთად, მაგრამ რეჟისორ მამასთან არ მქონია გადასაღებ მოედანზე შეხვედრის ბედნიერება. მე, როგორც მსახიობი, და ზაზა, როგორც რეჟისორი, ვფიქრობ, საინტერესო იქნება. თან, გაცილებით მარტივი გამოვა მუშაობა ურთიერთგაგების თვალსაზრისით.
    - რამდენიმე ტატუს ვხედავ შენს ხელებზე...
    - ბევრი ტატუ მაქვს, 8 ''ცალი''. სპარსულად ჩემი შვილის ''გაგას'' სახელი მაწერია, კირჩხიბი - ჩემი ზოდიაქოს ნიშანია, მომდევნო წარწერაა ''მაინ'', ანუ ''ჩემი''. კიდევ მაქვს ბუს ტატუ. მეტსახელად ''ბუს'' მეძახიან. ჩვენი გვარიდან გამომდინარე, ეს ფრინველი ოჯახის ''გერბია'' (იღიმის). ძალიან მიყვარს ჯაზი და მკლავზე ამ ჟანრისადმი ჩემი პატივისცემა ტატუთი სამუდამოდ დავაფიქსირე.
    - როგორ ფიქრობ, არ მოგბეზრდება?
    - არ მომბეზრდება, რადგან ტატუს ისე, უბრალოდ, ლამაზი ნახატის გამო არ ვიკეთებ, თითოეულს ჩემთვის მნიშვნელოვანი დანიშნულება და დატვირთვა აქვს; ამ გზით კი მინდა, ისინი ჩემს ''ვოლზე'' დავტოვო (იღიმის).

    1 610 ნახვა
    21-02-2014, 09:48