7
მიესალმება თუ არა დათო კიკალიშვილი ''რუსთავი 2''-ში ეკა კვესიტაძის მისვლას
  • მიესალმება თუ არა დათო კიკალიშვილი ''რუსთავი 2''-ში ეკა კვესიტაძის მისვლას

    გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ნოდარ მელაძე პოლიტიკური თოქშოუ ''პოზიციის'' პროდიუსერი გახდა. რუსუდან ვაშაკიძესა და სოფო ბუკიასთან ერთად ნოდარი გადაცემის შინაარსობრივ დაგეგმვაზე იმუშავებს.

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ ''რუსთავი 2''-ს მალე ეკა კვესიტაძე და დათო პაიჭაძე შეუერთდებიან. შესაძლებელია, ეკა კვესიტაძე ''პ.ს''-ში პოლიტიკურ ბლოკს გაუძღვეს და მერე დათო კიკალიშვილი საერთოდაც გაუშვან არხიდან. ამბობენ, დათო გადაცემის დახურვას უკვე რამდენჯერმე გადაურჩა.

    იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ''რუსთავი 2'' ორ ნაწილადაა გაყოფილი. ზოგი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ არხზე ნაციონალების მხარდამჭერი ჟურნალისტები იყრიან თავს. ეკა კვესიტაძემ კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა. ''პ.ს.''-ის წამყვანმა დათო კიკალიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თუ ეკა კვესიტაძე და დათო პაიჭაძე ''რუსთავი 2''-ის გუნდს შეუერთდებიან, ძალიან გაუხარდება.

    - დათო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ''პ.ს''-ს შეიძლება, ეკა კვესიტაძე შემოუერთდეს და პოლიტიკური ბლოკი წაიყვანოს. რა გეგმები აქვს თქვენს გადაცემას?
    - ჯერჯერობით ეს საკითხი ამ ფორმით არანაირად არ განიხილება. მარტო ამის თქმა შემიძლია.
    - როგორი გადაცემით აპირებს ეკა ''რუსთავი 2''-ში მუშაობის დაწყებას?
    - თუ ეკა კვესიტაძე შემოუერთდება ''რუსთავი 2''-ის კოლექტივს, პირადად მე გამიხარდება. წვრილმანი დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ჯერჯერობით მხოლოდ ჭორები ვრცელდება, რომელიც რეალობას არ უკავშირდება.
    - ეკას პირადად იცნობთ?
    - რასაკვირველია, ეკას დიდი ხანია, ვიცნობ და მის გადაცემებს თვალს სულ ვადევნებდი.
    - რადგან იცით მისი მუშაობის სტილი, გამორიცხავთ, ერთ გადაცემაზე მასთან ერთად რომ იმუშაოთ?
    - ასეთი დეტალები არხზე არავის განუხილავს.
    - გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ რამდენჯერმე გადაურჩით გადაცემის დახურვას და როგორც გამოცდილმა ჟურნალისტმა, ამ რთული სიტუაციიდან გამოსვლა შეძელით.
    - ბოლო რამდენიმე წელია, ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა მიმყავს და რატომ უნდა დაეხურათ?
    - გადაცემაში უახლოეს მომავალში რაიმე ცვლილება ხომ არ იგეგმება?
    - არაფერი დაგვიგეგმავს, ჩვეულებრივად ვმუშაობთ. ტელევიზიის მენეჯმენტის გადასაწყვეტია, რომელ ჟურნალისტს და სად დაპატიჟებს.
    - თუ ''რუსთავი 2''-ის მენეჯმენტი გადაწყვეტს, რომ ''პ.ს''-ს ეკა კვესიტაძე შემოუერთდეს, ამ შემთხვევაში თქვენი რეაქცია როგორი იქნება?
    - ''პოსტკრიპტუმი'' არის რეპორტაჟების კრებული, ანალიტიკური გადაცემა. ეკა კვესიტაძეს თოქშოუები მიჰყავდა. ასეთი ჟანრის გადაცემების წაყვანის სტილი აქვს. ამიტომ ამ საკითხზე არ მიფიქრია, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მაშინ ვიფიქრებ. ჩვენს არხზე ორი თოქშოუ გადის და მესამე თუ გაჩნდება, არ ვიცი. ანალიტიკურ გადაცემაში კი თოქშოუს ჟანრის შემოტანა ცოტათი წარმოუდგენელია.
    - ამბობენ, ''რუსთავი 2'' ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი არხზე დათო პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის მოსვლას ემხრობა, მეორე - ეწინააღმდეგება.
    - ასეთი ხმები საიდან ან რაზე დაფუძნებით ვრცელდება, არ ვიცი. ტელეკომპანია ჩვეულებრივ წარმატებით მუშაობს. ერთ-ერთი მოწინავე ტელევიზიაა და ჯერჯერობით არანაირი მიზეზი არ აქვს, რომ ორად, სამად ან მეტ ნაწილად იყოს გაყოფილი.
    ნოდარ მელაძემ ''რუსთავი 2''-ში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ-ერთ საიტთან გააკეთა კომენტარი. ''შემოთავაზება მქონდა, რომელზეც დავთანხმდი, შემოთავაზებები ყოველთვის აქვს მოქმედ ჟურნალისტს. მაგრამ მერე არჩევანს აკეთებს, სად უფრო უკეთესია მისთვის''.

    1 396 ნახვა
    21-02-2014, 09:49