X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
''დაოჯახების თემა დიდი ხნით დავხურე!..''
  • ''დაოჯახების თემა დიდი ხნით დავხურე!..''

    ნინი ცნობილაძემ, მართალია, პროფესიად ჟურნალისტობა აირჩია, მაგრამ ამ სფეროში არ აპირებს საქმიანობას. ''ახალმა ხმამ'' მისი გეგმები მთლიანად შეცვალა. ახლა მისი მიზანია, სიმღერაში რაც შეიძლება, მეტი გააკეთოს. დიდი სურვილი აქვს, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაამტკიცოს, რომ კარგი მომღერალია და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

    ''საშინლად წუპაკი ბავშვი ვიყავი''

    - ნინი, მშობლები რას საქმიანობენ?
    - მამა სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავეა. მას ფოტო ახალგაზრდობაში აქვს გადაღებული. წლების განმავლობაში კულტურის სფეროში მოღვაწეობდა. ახლა პატარა ბიზნესი აქვს. დედა მუსიკოსია. ადრე კონსერვატორიაში ასწავლიდა, ახლა ევგენი მიქელაძის სახელობის სკოლაში ასწავლის, ფორტეპიანოს განხრით.

    Rating

    - როგორ გაიცნეს მშობლებმა ერთმანეთი?
    - განსაკუთრებული სიყვარულის ამბავი არ ჰქონიათ. მეგობრების წრეში გაიცნეს ერთმანეთი და ორ კვირაში დედა მამას ცოლად გაჰყვა. ეს გათხოვებისთვის ძალიან მოკლე პერიოდია, მაგრამ, როგორც ჩანს, მამამ იმდენად მოხიბლა დედა, რომ არაფერი არ აინტერესებდა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობაც იყო - დაახლოებით თხუთმეტი წელი. ფოტო დედასა და მამას ქორწილში აქვთ გადაღებული. მთავარია, რომ ჩემი მშობლები დღემდე ჩემთვის სიყვარულისა და ოჯახის მაგალითი არიან. მეგობრულად და კარგად ცხოვრობენ. ერთმანეთს სულ გვერდში უდგანან. მინდა, ჩემ გვერდითაც ისეთივე იდეალური ადამიანი იდგეს და ისეთი ურთიერთობა გვქონდეს, როგორიც ჩემს ოჯახშია.

    Rating

    - როგორც ვიცი, გყავს ძმა. მომდევნო ფოტო, როგორც ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, მასთან და დედასთან ერთად გაქვს გადაღებული.
    - ჩემი ძმა წარმატებული ბანკირია და საქმიანობაში სულ წინ მიიწევს. მცირე ხნის წინ დაოჯახდა და ველოდებით ბავშვს. ის ჩვენს ოჯახში პირველი პატარა იქნება და ყველას ერთი სული გვაქვს, როდის დაიბადება. ჩემი ძმა და რძალი 23 წლისები არიან. დაოჯახებასთან დაკავშირებით მე ცოტა სხვა შეხედულებები მაქვს. თუმცა მინახავს ოჯახებიც, ცხრამეტი წლიდან რომ ერთად არიან. ყველაზე მთავარია, იპოვო ადამიანი, რომელთან ერთადაც შეძლებ ცხოვრებას.

    Rating

    - ბავშვობაში და-ძმა ხშირად კამათობდით?
    - ბავშვობაში ჩვენი ურთიერთობა სამაგალითო იყო, რადგან ჩემს ძმას ძალიან კარგი ხასიათი აქვს. მე ბავშვობიდან ცოტა მძიმე ხასიათი მქონდა. საბავშვო ბაღშიც ხელიხელჩაკიდებული დავდიოდით. მართალია, ჩემზე ერთი წლით დიდია, მაგრამ სულ მოვლის სურვილი ჰქონდა. მე საშინლად წუპაკი და ცელქი ბავშვი ვიყავი. სკოლის პერიოდში მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასში გადარეულივით ვიქცეოდი. შატალოს გარდა არაფერი მახსოვდა. ფოტო ბოლო ზარზეა გადაღებული. ეს დღე ძალიან მიყვარს. კარგად გავერთეთ.

    Rating

    - შესაბამისად, ალბათ, ცუდად სწავლობდი.
    - ცუდად არ ვსწავლობდი. ცელქიც ვიყავი და კარგადაც ვსწავლობდი. დედას რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ჩემი ძმის გამო სკოლაში არ დაუბარებიათ და ჩემ გამო კი ლამის ყოველდღე იძახებდნენ და ეუბნებოდნენ, მოდით სკოლაში, კიდევ რაღაც დააშავაო. მერე დავწყნარდი და დავმშვიდდი.

    ''ჟურნალისტობა ძალიან რთული და ყოველმხრივ დაუფასებელი შრომაა''

    - როგორც ვიცი, პროფესიით ჟურნალისტი ხარ.
    - ვხვდები, რომ ჟურნალისტობა ძალიან რთული და ყოველმხრივ დაუფასებელი შრომაა. აქტიური სამსახურია და იმიტომაც მიყვარს ეს პროფესია, მაგრამ არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა ამ სფეროში მოღვაწეობას. წელს ვამთავრებ და ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგისტრატურაშიც გავაგრძელებ თუ არა სწავლას. მინდა, მუსიკალურ კარიერას მივხედო.
    - ''ახალი ხმით'' გაგიცანით. მომდევნო ფოტო სწორედ ამ პროექტშია გადაღებული. ყველამ აღნიშნა, რომ განსხვავებული ხმის ტემბრი გაქვს. ეს გენეტიკის დამსახურებაა?
    - დედასა და მამიდას სიმღერის დროს ბოხი ხმა აქვთ. დედას მეგობრები მეუბნებიან, დედაშენსაც დაახლოებით ასეთი ხმა ჰქონდა და სულ გვიკვირდაო.

    Rating

    - რატომღაც სულ მეორე ადგილზე გადიოდი, პირველზე კი - სალომე. ''ახალ ხმაშიც'' ასე მოხდა და ''ახალ ტალღაზეც''. ამ ყველაფრის მიუხედავად, მეგობრული ურთიერთობა გაქვთ?
    - დამალვას აზრიც არ აქვს. იყო გულისტკენის მომენტი, მაგრამ ''ახალ ხმაში'' რომ მივდიოდი, მეორე ადგილს კი არა, იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, ამხელა აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა ჩემს ნამღერს. თავდაჯერებული საერთოდ არ ვყოფილვარ. მანამდე მხოლოდ მეგობრების წრეში ვმღეროდი. მაგრამ მეორე ადგილიც გაძლიერებს. ე.ი. ჩემშია პრობლემა. მე მაკლია ისეთი რამ, რითიც ვერ გავხდი პირველი. რაც შენს ცხოვრებაში ხდება, შენს თავს უნდა დააბრალო და არავის სხვას. მეც ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ პირველი ვიყო და არა - მეორე.
    - მომდევნო ფოტოც ამ პროექტში მონაწილეობის დროს გაქვს გადაღებული. შენსა და სალომეს შორის ამის გამო ურთიერთობა ხომ არ დაიძაბა?
    - მე და სალომე არც არასდროს ვყოფილვართ გადაბმული მეგობრები. ძალიან ვაფასებ და მისი შემოქმედება ძალიან მომწონს. მართლა მაგარი გოგოა. ყოველთვის უნდა აღიარო, თუ შენი კონკურენტი ძლიერია.

    Rating

    - რას აკეთებ იმისთვის, რომ პირველი გახდე?
    - პირველ რიგში, ვმუშაობ ჩემს თავზე. დავძლიე სცენის შიში, რომელიც აუცილებლად გექნება, როგორი უკომპლექსოც უნდა იყო. თან ახლა მაინცდამაინც დიდი გამოცდილება არ მიმიღია. მხოლოდ ხუთი-ექვსი გამოსვლა მქონდა პროექტში. ვმუშაობ, რომ სცენაზე უბრალოდ არ ვიდგე და ვიმღერო. პლასტიკა და მიმიკა აუცილებელია. თუნდაც ერთ ადგილას იდგე და იმღერო, ამ შემთხვევაშიც დიდი ემოცია უნდა მოდიოდეს შენგან. მე მაკლია ემოცია და ამაზე ბევრს ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ყველაფერი გამომივა. დავიწყე ვოკალის პედაგოგთან სიარული, რაც აქამდე არ გამიკეთებია. ბედნიერი ვარ, რომ ერთ ადგილს არ ვტკეპნი.

    Rating

    - შენს ალბომში ბევრია მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტო.
    - ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ფოტო 2009 წელს შვეიცარიაში ყოფნისას მაქვს გადაღებული.

    ''ერთხელ ვიყავი შეყვარებული''

    - შეყვარებული ყოფილხარ?
    - ერთხელ ვიყავი შეყვარებული. ამჟამად არ ვარ და ნორმალურად ვგრძნობ თავს. დიდი ხანი არაა, რაც დავშორდით.
    - შენს ყოფილ შეყვარებულს ვიცნობთ ჟურნალისტები?
    - ცნობილი ადამიანი არ არის. პირად თემებზე ლაპარაკი არ მიყვარს. ჩემმა მეგობრებმაც არ იციან, რომ დავშორდით.
    - ხშირად შეყვარებულის პოპულარობა მის მეორე ნახევარს არ მოსწონს...
    - ამ შემთხვევაში ეს არაფერ შუაში არ ყოფილა. ''ახალ ხმაში'' მონაწილეობა ორი წლის წინ მივიღე და ახლა დავშორდით ერთმანეთს. საქართველოში პოპულარობა ჩვეულებრივმა მცხოვრებმაც შეიძლება მოიპოვოს. რჩევას მივცემ დამწყებ ვარსკვლავებს, მოთოკონ თავიანთი ემოციები პოპულარობასთან დაკავშირებით და იმაზე დაფიქრდნენ, მერე რა იქნება. მთავარია, თავში არ აუვარდეთ….
    ხანდახან დგება მომენტი, როცა ადამიანს ვეღარ უგებ. ინტერესები ერთმანეთს აღარ ემთხვევა. მე და ჩემი შეყვარებული ამის გამო დავშორდით ერთმანეთს. ჩემთვის დაოჯახების თემა დიდი ხნით დახურულია. მინდა, შემოქმედებითად გავიზარდო და საქართველოს ფარგლებს გავცდე. მთლიანად ამ თემაზე ვარ გადართული. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და დანარჩენი ბედზეა დამოკიდებული.
    - პოპულარობას აქვს თავისი ხიბლი.
    - მიხარია, როცა მცნობენ, მეუბნებიან, რომ მაგარი ვარ. ამით თავდაჯერება მემატება. მით უმეტეს, ქართველი ხალხი ყველას მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. მთავარია, რომ ჩემი პროფესიის ადამიანებს ვახსოვდე, ყველას არ ეყვარები. ყველას რომ ვუყვარდე, ფლიდი უნდა ვიყო. თამაში არ შემიძლია. არც მიცდია და ზუსტად ვიცი, არც გამომივა.

    Rating

    - მომდევნო ფოტო ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობის დროს გაქვს გადაღებული. როდესაც პროექტი დატოვე, ალბათ, გული ძალიან დაგწყდა.
    - თქვენ წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში გული არ დამწყვეტია. გული დამწყდებოდა, სიმღერის კონკურსი რომ ყოფილიყო. ცეკვები ჩემთვის მეორეხარისხოვანი გახლდათ. ცეკვისგან სიამოვნება უნდა მიიღო. თუ დაიტანჯე, არ ღირს. რა თქმა უნდა, თუ გამოდიხარ, პასუხისმგებლობა გაქვს, რომ კარგად იცეკვო. გამარჯვებისთვის არ მივსულვარ ამ პროექტში. მოძრაობა თუ შემეძლო სცენაზე, მართლა არ მეგონა და ეს მომენტი ასე თუ ისე დავძლიე. აღმოჩნდა, რომ ცეკვაც შემიძლია და ახლა ჩემს კარიერაში სიახლეს შევიტან.
    - საქართველოში კონკურსში მონაწილეობას აღარ გეგმავ?
    - ბევრი ახლობელი მეკითხება, ''X ფაქტორში'' მონაწილეობას ხომ არ მიიღებო, მაგრამ მე არ ვაპირებ. საქართველოში აღარ მინდა კონკურსში მონაწილეობა.
    - აპირებ, ''ახალ ტალღაზე'' კიდევ სცადო ბედი?
    - გამორიცხული არაფერია. მთავარია, იმ პერიოდში, როდესაც კონკურსში მონაწილეობის კასტინგი მოახლოვდება, როგორ ხასიათზე ვიქნები. წინასწარ მართლა არაფერს ვგეგმავ, მერე აღარ გამომდის ხოლმე.

    1 470 ნახვა
    22-02-2014, 05:41