X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
''ცოტა უფორმო პიჯაკებია მოდური...''
  • ''ცოტა უფორმო პიჯაკებია მოდური...''

    დიზაინერ ლიკუნა ჩიტაიას პროფესია ბავშვობიდან ჰქონდა არჩეული. სამხატვრო აკადემიაში მეოთხე კურსზე სწავლობდა, როცა მოდის სახლ ''მატერიაში'' დაიწყო მუშაობა და უკვე 9 წელია, იქ მუშაობს. განვლილმა დრომ დაუგროვა გამოცდილება, მიიღო პრაქტიკა და ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა პატარა კოლექციებზე, რასაც მოჰყვა სეზონური კოლექციები და მოდის კვირეულები.

    - ლიკა, ახალ კოლექციაზე თუ მუშაობ?
    - ამჟამად კოლექციის იდეებს ვამუშავებ, ვარჩევ ქსოვილებს. ახალი ნამუშევრების შექმნისას ყოველთვის ვცდილობ, რაიმე ისეთი დეტალი შევიტანო, რაც კოსტიუმს საინტერესოს და კომერციულს გახდის. ზოგადად, მიყვარს მუქი ფერები, განსაკუთრებით - შავი, რადგან ასეთი ტონალობის სადა ქსოვილის ხარჯზე უფრო მეტად ჩანს კონსტრუქცია და დეტალები. ამ სეზონზე ბევრ შავს ვიყენებ, ოღონდ განსხვავებულ ფაქტურებს. მაგალითად, შავი აბრეშუმისა და ტყავის კომბინაცია ვიზუალურად კარგად გამოიყურება, ამასთანავე პრაქტიკულიცაა. ჩემი აზრით, ტანსაცმელი პირველ რიგში უნდა იყოს პრაქტიკული, არა აქვს მნიშვნელობა, ეს საღამოს სამოსი იქნება თუ ყოველდღიური.
    - რას გვეტყვით გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციებზე.…
    - წლევანდელ გაზაფხული-ზაფხულის მოდაზე გავლენას ახდენს 90-იანი წლები. ფერების თვალსაზრისით აქტუალური იქნება შავი, მეტალის ტონები - ვერცხლისფერი, ოქროსფერი, მდგრადი ქსოვილებისგან შექმნილი სამოსი ქალური სილუეტით, მაღალწელიანი შარვალი და ქვედაბოლო.

    Rating

    - რამდენად აქტუალურია მამაკაცური დეტალების შეტანა ქალის სამოსში და როგორ, რა გზით შეიძლება ამის მოხერხება?
    - პირადად მე ყოველთვის მომწონს და ვიყენებ მამაკაცურ დეტალებს კოსტიუმში, ყოველთვის აქტუალურია თუნდაც კლასიკური შარვლისა და მამაკაცური ჟილეტის შეხამება, ან თხელ აბრეშუმის კაბაზე პიჯაკის შემოცმა.
    - როგორ პიჯაკს მივანიჭოთ უპირატესობა?
    - ამ ეტაპზე ცოტა უფორმო პიჯაკებია მოდური, გადმოსული მხრით, შესაძლებელია იყოს საყელოს გარეშეც. ასეთ სამოსზე შეიძლება იფიქრო, ეს ხომ პიჯაკი აღარააო, მაგრამ საკმაოდ ''სტილნია''. ზოგადად, მე მომწონს და ვქმნი კიდეც ''ოვერსაიზ'' ტანსაცმელს.
    - რაც შეეხება ფეხსაცმელს, ამ მხრივ რა დეტალებია საგულისხმო?
    - წელს უფრო დაბალძირიანი და სპორტული ფეხსაცმელია მოდაში, მაგრამ ქალის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც.
    - ჩანთებისა და აქსესუარების თვალსაზრისით როგორი ტენდენციაა?
    - რაც უნდა მოდური იყოს ქლაჩი, მე არ მომწონს და არც არასდროს მომწონდა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩანთა და ფეხსაცმელი ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარებია, რომლითაც შეიძლება, ადამიანმა შექმნას სტილი და ''შეკრას'' კოსტიუმი. შეიძლება, გეცვას უბრალოდ, მაგალითად, ჯინსი, მაისური, მაგრამ გემოვნებით შერჩეული ჩანთა და ფეხსაცმელი იყოს ყველაფრის მთქმელი. რაც შეეხება აქსესუარებს, სიმართლე გითხრათ, სამკაულებს კოლექციებში იშვიათად ვიყენებ, ამ მხრივ მაინც მინიმალისტი ვარ...

    1 254 ნახვა
    20-03-2014, 09:00