X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
Porsche-ს გამაში მალე ელექტრომობილს ვიხილავთ
  • Porsche-ს გამაში მალე ელექტრომობილს ვიხილავთ

    გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას, Porsche-ს პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა მათიას მიულერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მალე ელექტრულ სპორტულ ავტომობილს გამოუშვებს. ოღონდ, მას არ დაუზუსტებია, რომელი მოდელის ბაზაზე მუშავდება ელექტრული ვერსია. არსებობს ვარაუდი, რომ ბაზისად ყველაზე პატარა Boxster-ს და Cayman-ს გამოიყენებენ.

    „ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ელექტრომობილების ტექნოლოგიებზე. შესაძლოა, შემდგომში ჩვენი მოდელების გამა ელექტრული ვერსიებით გავაფართოვოთ. ახალი ავტომობილი სუფთა ელექტრომობილი იქნება, რადგან ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ავტომობილის დამძიმება ღირდეს ენერგიის დამატებითი წყაროებით. ჩვენი ელექტრომობილი დიდი ზომის ელემენტების ბლოკით აღიჭურვება, რომლის ერთი დამუხტვითაც, 300 და მეტი კილომეტრის გავლას შეძლებს“, - ამბობს მიულერი და დასძენს, რომ ეს სრულიად საკმარისია.

    ცნობისათვის, 2011 წელს, Porsche-მ და Volkswagen-მა ერთობლივად შეიმუშავეს მოდელ Boxster-ის ელექტრული ვერსიები, რომლებსაც ტესტირება შტუტგარტის შემოგარენში ჩაუტარდა. სამივე საცდელი ავტომობილი ორ-ორი ელექტრო ძრავით აღჭურვეს, რომლებიც წინა და უკანა ღერძებზე „დასვეს“. შესაბამისად, თითო ძრავი „თავის“ ღერძს ემსახურებოდა. მათი ჯამური სიმძლავრე 240 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 540 ნიუტონმეტრი. ამ ელექტრომობილებს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.3 წამში შეუძლიათ.

    არაა გამორიცხული, რომ Porsche-მ ნათესავი Audi-ს ელექტრული ტექნოლოგიითაც ისარგებლოს, რომელსაც ინგოლშტადტელები R8 e-tron-ზე იყენებენ. ამ ავტომობილსაც ორი ელექტრო ძრავი ემსახურება, რომელთა ჯამური სიმძლავრე 380 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 820 ნიუტონმეტრი. მისი სვლის სიშორე კი 400 კილომეტრს მიაღწევს.

    მიულერი არ აზუსტებს, თუ როდის გამოვა ბაზარზე Porsche-ს სერიული ელექტრომობილი.
    წყარო
    1 073 ნახვა
    21-03-2014, 07:52