X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ვარსკვლავები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე ღიად ლაპარაკობენ
  • ვარსკვლავები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე ღიად ლაპარაკობენ

    არავინ არის დაზღვეული და ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს მომენტი, როცა გაიგებს, რომ რაიმე სენით არის დაავადებული. პირველი წამები სასოწარკვეთას უკავშირდება, შემდეგ კი გადარჩენის ინსტინქტი ამუშავდება და ახლობლებთან ერთად იმაზე ფიქრი იწყება, როგორ დაიძლიოს ესა თუ ის პრობლემა.

    ზოგი ექიმს მიმართავს, ზოგი ხალხური მედიცინის გამოყენებასაც არ ერიდება. ზოგიერთი ღმერთს მიენდობა და ლოცვით ცდილობს სენის დამარცხებას. ამ დროს შეიძლება, ყოველი მეორე ახლობელი გეკითხებოდეს, რა გჭირს, შენ არ გსიამოვნებდეს ამ თემაზე საუბარი და იძულებით გიწევდეს პასუხის გაცემა. ყველა ცდილობს დახმარებას, გასწავლიან გზებს, როგორ დაამარცხა ეს დაავადება მათმა ახლობელმა და ა.შ. მოკლედ, გარშემო ყველა ექიმი ხდება.

    ერთია ახლობლებთან საუბარი და მეორე, როდესაც ხარ ცნობილი ადამიანი, გამოდიხარ და ტელევიზიით ან პრესის საშუალებით შენს ჯანმრთელობაზე ლაპარაკობ. ეს ნამდვილად გაბედული ნაბიჯია იმ ქართველი ''სელებრითების'' მხრიდან, რომლებმაც ხალხს დაანახვეს, რომ ბრძოლის შედეგად შესაძლებელია სენის დამარცხება და ძველებურ ცხოვრებასთან დაბრუნება.

    გაგაცნობთ იმ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებმაც გაბედეს და სხვადასხვა დროს, ღიად ილაპარაკეს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე.

    გასულ კვირას ქართული პრესა თუ ინტერნეტმედია მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ წერდა. სალომეს სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, მას ხერხემლის თიაქარი აქვს და შესაძლოა, ოპერაციის შემდეგ ცეკვა ვეღარ გააგრძელოს. მისი მეუღლე, მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე აცხადებს, რომ სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავლენ, რადგან შვეიცარიაში არსებობს უოპერაციო მეთოდი, რომლის საშუალებითაც თიაქარს ნემსით აქრობენ. სალომე ამ ეტაპზე ტკივილს ინიექციის საშუალებით იყუჩებს და წყვილი იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და შესანიშნავი მოცეკვავე პროფესიულ საქმიანობას აუცილებლად გააგრძელებს.

    დიდი ხანი არ არის გასული, რაც აჩიკო სოლოღაშვილმა ''რუსთავი 2''-ის ღია ეთერში, გადაცემა ''შუა დღეში'' საკუთარ პრობლემაზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობს ეპილეფსიის მსუბუქი ფორმა აქვს. ქვეყანაში, სადაც ქრონიკულ დაავადებებზე ხმამაღლა ლაპარაკი ერთგვარ სტიგმად არის ქცეული, ხალხი გაოცებული ადევნებდა თვალს აჩიკოს გულახდილ საუბარს. მსახიობმა დაავადება დაძლია და მისი მართვა შეძლო. ამ გადაცემის შემდეგ უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და აჩიკოს დახმარებასა და მკურნალობის სხვადასხვა გზას სთავაზობდნენ.

    რამდენიმე კვირის წინ საკუთარ დაავადებაზე ისაუბრა ერთ-ერთ გადაცემაში ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმაც. ალბათ, ასეთი ცრემლის მომგვრელი და გულახდილი ეთერი ბევრი არ გვახსოვს ქართულ რეალობაში. ერთ დღეს ანალიზებზე მისულმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მძიმე სენი აქვს და ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს. ამის შემდეგ იყო რთული პერიოდი, მცდარი დიაგნოზით გამოწვეული სიხარული და ექიმებზე გაბრაზება. მაგრამ დიაგნოზის კიდევ ერთხელ გადამოწმების შემდეგ პირველი შედეგი დადასტურდა და ჟურნალისტს მეორედ მოუხდა შოკთან გამკლავება. ყველაფრის მიუხედავად, სოფო თითოეული დაავადებული ადამიანისთვის ყველაზე კარგი მაგალითი გახდა ბრძოლის გასაგრძელებლად.
    გარდა იმისა, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის აქტიურად იბრძვის, რაც წარმატებით გამოსდის, საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი და მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. მისი სატელევიზიო გამოსვლა არაერთი ადამიანისთვის აღმოჩნდებოდა ნუგეშის მიმცემი.

    კაბუ ერთ-ერთია იმ იშვიათი გამონაკლისებიდან, რომელმაც არაერთხელ ისაუბრა პირადი გამოცდილებიდან ისეთ მძიმე სენზე, როგორიც არის ნარკომანია. დაავადება, რომელიც ჯერჯერობით მსოფლიო მედიცინამ ბოლომდე ვერ დაამარცხა და ბოლო წლებში არაერთი ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.
    ნარკომანია არჩევითი დაავადებაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არჩევანი ადამიანზე არ არის დამოკიდებული. გარემო, სოციალური პირობები, ცხოვრებაში გადატანილი მძიმე ტრაგედია, ინტერესი - უამრავი ფაქტორია, რამაც შეიძლება, როგორც მამაკაცი, ასევე ქალბატონი ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული გახადოს. მათ შორის იყო კაბუც. თავიდან ფიქრობდა, რომ როცა უნდოდა, თავს დაანებებდა, მაგრამ ჭაობი ღრმა აღმოჩნდა და მსახიობი ჩაითრია. ამის გამო არაერთი როლი და წელი დაკარგა, მაგრამ შეძლო და ახალი ცხოვრება დაიწყო. არ სიამოვნებს, მაგრამ რამდენჯერმე ილაპარაკა ამ თემაზე საჯაროდ, რაც მისი მხრიდან ნამდვილად გაბედული ნაბიჯია.

    მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ რამდენიმე თვის წინ გაიგო, რომ სერიოზული დიაგნოზის გამო ოპერაცია სჭირდებოდა. ახლობლებს უთხრა, მაგრამ დაავადების მთელი სიმძიმე არ გაუმხელია, განსაკუთრებულად ამ მხრივ შვილები დაზოგა. ოპერაციის შემდეგ ყველაფერი გადააფასა, თუმცა ახლობლები გაუბრაზდნენ, რომ დიაგნოზი დამალა. ახლა ცდილობს, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს, ვარჯიშობს, რადგან წონის პრობლემა შეექმნა. მძიმე სენი დაძლია და ისევ სცენას დაუბრუნდა. ეკამ ამ თემაზე პრესით და ტელევიზიით ისაუბრა და ადამიანებს მაგალითი მისცა, რომ ბრძოლა არასოდეს არის უშედეგო.


    ინგა გრიგოლია ორჯერ მოექცა ყურადღების ცენტრში. ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ფილტვზე ოპერაცია დასჭირდა. მაშინ ჟურნალისტმა ამ თემაზე ტელევიზიითაც ეთქვა. მეორედ კი - დაახლოებით ორი წლის წინ. მაშინ ინგა საკრებულოში მუშაობდა, მაგრამ ხალხთან შეხვედრას ვერ ახერხებდა. ცუდად იყო, სახლიდან გასვლა უჭირდა. ამის გამო იძულებული გახდა, რომ საკუთარ პრობლემაზე ხმამაღლა ეთქვა და მის ამომრჩეველს არ ჰგონებოდა, რომ მათ სხვა მიზეზით ემალებოდა.
    ოპერაცია თბილისში გაიკეთა. მაშინ მთელი საქართველო ინგას დიაგნოზზე ლაპარაკობდა. გავრცელდა უამრავი ჭორიც, რომ თავდაპირველად მცდარი დიაგნოზი დაუსვეს. დღეს არაერთი ადამიანისთვის მაგალითია. გადატანილი ოპერაციისა და დაძლეული სენის შემდეგ ისევ ეთერს დაუბრუნდა და ყოველ პარასკევს ძველებურად ხმაურით მიჰყავს გადაცემა.


    ეს ნამდვილად მცირე მაგალითებია, როდესაც ქართველმა ვარსკვლავებმა გადალახეს ბარიერი და საზოგადოებას საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ გაუმხილეს. საზღვარგარეთ ეს ვარსკვლავების ერთ-ერთ მოვალეობადაც მიიჩნევა. ცხადია, მათ არავინ აიძულებს, საკუთარ ავადმყოფობაზე ილაპარაკონ, მაგრამ იციან, რომ შესაძლოა, საკუთარი ბრძოლით ბევრ ადამიანს მისცენ მაგალითი.

    ერთი წლის წინ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა ანჯელინა ჯოლის შესახებ. 2007 წელს მსახიობს დედა სიმსივნით გარდაეცვალა და მას შემდეგ პანიკური შიში დაეწყო, რომ თავადაც ამ მძიმე სენის მსხვერპლი გახდებოდა. დეპრესიაში ჩავარდნილმა მსახიობმა სარძევე ჯირკვლების ამპუტაცია გაიკეთა. ეს ერთგვარ მოდად იქცა და კიბოსგან თავის დასაზღვევად მას არაერთმა ქალბატონმა მიჰბაძა, ახლა კი აპირებს, რომ საკვერცხეებიც ამოიჭრას.

    მსოფლიო პრესის თვალწინ მიმდინარეობს მომღერალ ჟანა ფრისკეს რეაბილიტაციის პერიოდი. მომღერალმა მაშინ გაიგო, რომ სიმსივნე ჰქონდა, როდესაც ნანატრ შვილს ელოდებოდა. ამის ფონზე მკურნალობა დაუგვიანდა და ახლა მეოთხე სტადიის ტვინის სიმსივნეს ებრძვის. ჟანას უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს და იმედი აქვთ, რომ დაავადებას მოერევა და ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდება. ფრისკეს მხარში უდგას მეუღლე. როგორც პრესაში წერენ, მან ჟანას გამო სამსახურს თავი დაანება.

    ახლა უკვე კარგადაა, მაგრამ უმძიმესი სენი, ყელის კიბო დაძლია მსახიობმა მაიკლ დუგლასმა. მაშინ ამ თემაზე გულახდილად საუბრობდნენ ჟურნალისტებთან როგორც მაიკლი, ასევე მისი მეუღლე კეტრინ ზეტა-ჯონსი. მსახიობმა სენი დაძლია და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. მსოფლიოსთვის კი ის ერთ-ერთი მაგალითია კიბოთი განკურნებული პაციენტებიდან.

    2 227 ნახვა
    21-03-2014, 09:10