X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
''ერისიონს'' რუსეთში კონცერტები არ გაუუქმებია?! - რა პრობლემებია ანსამბლის შიგნით
  • ''ერისიონს'' რუსეთში კონცერტები არ გაუუქმებია?! - რა პრობლემებია ანსამბლის შიგნით

    საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს ანსამბლ ''ერისიონის'' სამხატვრო ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის განცხადება რუსეთში დაგეგმილი კონცერტების გაუქმებასთან დაკავშირებით, რასაც, მისი თქმით, ჯარიმები მოჰყვებოდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯემალ ჭკუასელმა ანსამბლის წევრებთან რუსეთში გასტროლის თემა ისევ წამოსწია... ამის შესახებ ერთ-ერთი მოცეკვავე საუბრობს, რომელიც ანსამბლში არსებულ სხვა პრობლემებზეც გვიყვება...

    - როდესაც ბატონმა ჯემალმა ეს განცხადება გააკეთა, ყველამ ვიცოდით, რომ სინამდვილეში სხვა რაღაცაში იყო საქმე. მოცეკვავეებს ჩვენი წყაროები და კავშირები გვაქვს და გავიგეთ, რომ რუსეთში ანსამბლი ''სამაიაც'' მიდიოდა. მას ბევრად უკეთესი პიარი აქვს, რადგან ძალიან აქტიური პროდიუსერი ჰყავს.

    მისი ტურნე უკვე დაიწყო და ჭკუასელის ყოყმანი, წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით, სწორედ იმ ანსამბლის გასტროლებით არის განპირობებული... ჩვენი ანსამბლის კონცერტების გაუქმების შესახებ ინფორმაცია რუსეთში არც კი გავრცელებულა. ბილეთების გაყიდვა რუსეთის ყველა ქალაქში, სადაც კი გასტროლი გვქონდა დაგეგმილი, ჩვეულებრივად გრძელდება. პირველი კონცერტი 5 აპრილს ქალაქ ეკატერინბურგში გვაქვს დაგეგმილი. მე მყავს მეგობრები, რომლებსაც უკვე ნაყიდი აქვთ ბილეთები... აქ სხვა რამეშია საქმე და თუ რაში, ალბათ, მალე გაირკვევა.

    როდესაც საკონცერტო დარბაზები დაქირავებულ-დაჯავშნილია, გარკვეული დროით, თუ არ ვცდები, სამი თვით ადრე შეიძლება კონცერტების გაუქმება. ამ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა მცირეა, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე ამის გაკეთება არ შეიძლება, უზარმაზარი ჯარიმაა. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, იცის ანსამბლის ხელმძღვანელობამ და ბილეთების გაყიდვას მაინც განაგრძობს. სამხატვრო ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ვიზებს ველოდებით... დარწმუნებული ვარ, წავალთ. იტყვიან, დიდი ჯარიმა დაგვაკისრეს, განსაკუთრებით კრემლმა და ამის გადახდის საშუალება ჩვენს სახელმწიფოს არ აქვსო, ამიტომ იძულებული ვართ, წავიდეთო... საერთოდ კი მოცეკვავეები არ დაუპირისპირდებიან ბატონ ჯემალს, თორემ ბევრი რამე გამოაშკარავდებოდა...
    - რას გულისხმობთ?
    - იმას, რომ მას ასეთი რამეები სჩვევია. შეიძლება თქვას, რომ ჯარიმის გადახდამ მოუწია და მოცეკვავეებს ფული დააკლოს, ან საერთოდ არ მისცეს, ასეთი რაღაცები იქ ჩვეულებრივია... ერთხელ რუსეთში ტურნეზე თვითმფრინავით წავედით და ბილეთების ფული დაგვიქვითა.
    - რატომ არავინ აპროტესტებს ასეთ დამოკიდებულებას?
    - უამრავი შემთხვევა ყოფილა, ვინც გააპროტესტა, ანსამბლიდან გააგდო და სხვა ანსამბლის ხელმძღვანელობას აფრთხილებდა, ჩემი მოცეკვავე არ მიიღოო. ჰკითხეთ ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს, რამდენჯერ აქვს მასთან დარეკილი, ჩემი მოცეკვავე არ აიყვანოო. არა მგონია, ბატონმა ფრიდონმა დაგიმალოთ, რადგან ვიცი, რომ ბევრჯერ პირდაპირ უთქვამს, აბა, რა ვქნა, ქუჩაში დავტოვო და ქურდობა დაიწყოსო?!. ბექა კაპანაძე მახსოვს ასეთი. ვიცი, რომ ბატონმა ფრიდონმა სხვებს ცოტ-ცოტა თანხა მოაკლო და ამ ბიჭს ხელფასი დაუნიშნა. მეც ველოდები ერთ-ერთი პროექტისგან პასუხს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სანამ უკიდურესობამდე არ მივლენ, მოცეკვავეები იქიდან არ მიდიან, რადგან უცხოეთში წასვლის შანსი ყველას არ აქვს. რესტორნებში კიდევ უამრავი მოცეკვავე და მომღერალია. ისე, ერთი დადებითი თვისება აქვს ბატონ ჯემალს, მომღერლებს ჩვენზე მაღლა აყენებს და მათ არ აქვთ ის პრობლემები, რაც ჩვენ...

    ჩვენ ეკატერინბურგის ერთ-ერთი თეატრის ქართველ თანამშრომელს, ჯულია ლონდარიძეს დავუკავშირდით, რომლის თქმითაც, რუსეთში ანსამბლ ''ერისიონის'' კონცერტების გადადებასთან, მით უმეტეს გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც კი გავრცელებულა.

    - პირველად მესმის ამის შესახებ... ეკატერინბურგში რამდენიმე ადგილას იმართება. მე თეატრ ''კოსმოსის'' 5 აპრილის ბილეთი მაქვს. რამდენიმე დღის შემდეგ არის ჩელიაბინსკში, ჩემი მეგობრისგან ვიცი... აქ უკვე დაწყებულია ანსამბლ ''სამაიას'' გასტროლი. ორივეს ბილეთი მაქვს, ''სამიასიც'' და ''ერისიონისაც''. თითო ბილეთში 1600 რუბლი გადავიხადე.
    ვიცი, რომ ბილეთები ახლაც იყიდება და მთელ ქალაქში ''ერისიონის'' რეკლამებია გაკრული... გაუქმების შესახებ ინფორმაცია არც კი გავრცელებულა. ჩემმა ნათესავებმა 4 ბილეთში 600 დოლარი გადაიხადეს. ბილეთების გაყიდვა გრძელდება. რას ამბობთ, გაოგნებული ვარ, როგორ არ უნდა ჩატარდეს?..
    დაინტერესებულ მკითხველს ექნება შესაძლებლობა, ინტერნეტში ჩვენ მიერ მოძებნილ ვებგვერდს ესტუმროს და თავადაც დარწმუნდეს, რომ ''ერისიონის'' კონცერტების ბილეთების გაყიდვა არ შეწყვეტილა - http://ekb.kassy.ru/ event/9568884/.

    Rating
    Rating


    როდესაც საქმის დეტალებში გასარკვევად ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელ ჯემალ ჭკუასელს მივმართეთ, მან პროდიუსერ ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან გადაგვამისამართა...

    - მე ვარ ადამიანი, რომელიც ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე პასუხს აგებს. უკრაინის მოვლენების გამო პროტესტის ნიშნად მოსკოვში 16 აპრილს კრემლის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში დანიშნული კონცერტი უკვე მოიხსნა, რისთვისაც მოსალოდნელია სოლიდური საჯარიმო სანქციები. როგორც მოგახსენეთ, მოსკოვის კონცერტი პროტესტის ნიშნად მოვხსენით, მაგრამ რა ვუყოთ 17 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს, ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს, თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია...
    - ბილეთების გაყიდვა ახლაც გრძელდება, ბატონო ალექსანდრე... და კიდევ, რუსეთში საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია კონცერტების გაუქმების შესახებ...
    - მე არ ვიცი, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, მაგრამ ქართველი ემიგრანტები სულმოუთქმელად გველოდებიან.… ხარჯი კი დღითი დღე იზრდება.
    - მოცეკვავეებისგან ვიცი, რომ ვიზებს ელოდებით...
    - არ არის ასე, როგორც გითხარით, ჯერ წასვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს...

    1 134 ნახვა
    26-03-2014, 08:56