X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • კობახიძემ პარლამენტი სხდომაზე ოპოზიციას შესთავაზა, ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვის უკეთესი ვერსია შესთავაზოს

    "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტი სხდომაზე ოპოზიციას შესთავაზა, ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვის უკეთესი ვერსია შესთავაზოს. კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს.

    "არის სამი ალტერნატიული ვარიანტი: პირველი, ეს არის გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, მეორე - მივუშვათ თავის ნებაზე და მივიღოთ ის შედეგები, რაც აქვს, მაგალითად დღეს სომხეთს ან სხვა მეზობელ და არამეზობელ ქვეყნებს და მესამეა ამ კანონის მიღება. სამი ალტერნატივაა. მეოთხე ალტერნატივა არ არსებობს. ვკითხოთ მარტივად ოპოზიციის წარმომადგენლებს, აირჩიონ ამ სამიდან ერთ-ერთი. ან გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, ან მივუშვათ ვირუსი თავის ნებაზე და მივიღოთ ახალი შემთხვევები ძალიან დიდი რაოდენობით. მეოთხე ალტერნატივა არ არსებობს. აირჩიონ რომელი უნდათ, თუ არა და, გამოდის, რომ "მასკარადი", "სპეკულაციები" არის აბსოლუტურად ზუსტი შეფასება.

    საპასუხოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ კანონისთვის კონკრეტული ვადის დაწესება სწორედ მისი იდეა იყო.

    "ვინ თქვა, რომ ეს უნდა იყოს დროით შეზღუდული, ბიუროზე ვთქვი, რომ დამესხით თავს, ბიუროზე და გეგონათ ამ კანონს ამ ფორმით მიიღებდით, მაგრამ დაიხიეთ უკან, იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ მოგიწევთ უკან დახევა, იმიტომ, რომ არა ვართ მარტო, საერთაშორისო პარტნიორებიც გვიყურებენ, აგერ, თურმე , ელჩი ესწრება დღეს,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

    რომან გოცირიძეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გასცა პასუხი.

    "დროებითობა ისედაც უზრუნველყოფილი იყო. კახა კუჭავა და ირაკლი კობახიძე თუ ამბობს, რომ მოდი სპეკულაციების ბოლომდე გამორიცხვა რომ მოვახდინოთ, ჩავწეროთ, კი ბატონო, ეს არ არის თქვენი ინიციატივა. მთელი დღე ლაპარაკობთ რაღაც პრობლემებზე და არ მოგიფიქრებიათ, რომ კონკრეტული შემოგეთავაზებინათ,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    ცვლილებების წინააღმდეგია "პატრიოტთა ალიანსიც". ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ "ყველაფერს უკუღმა ვაკეთებთ."

    "იქნებ 15 ივლისამდე არ არის ისეთი დინამიკა, რომ საჭიროება იყოს ამ ცვლილებების მიღებისაც კი. ყველაფერს ვაკეთებთ უკუღმა. მე მოგიწოდებთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ წაღმა და არ დავარღვიოთ კონსტიტუცია,"-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ცვლილებებს "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში, რისი მეშვეობითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება ექნება, ოპოზიციის სრული სპექტრი ეწინააღმდეგება. ბოლო ცვლილებით, კანონი დროებითია და ვადა 15 ივლისამდე აქვს.
    39 ნახვა
    22-05-2020, 08:36