X
GOGA.TV
13
  • ქვეყანაში დარჩენილი ერთადერთი წითელი ზონა გაიხსნა

    ქვეყანაში დარჩენილი ერთადერთი წითელი ზონა გაიხსნა. თეთრიწყაროში უკვე აიღეს ბლოკპოსტები და თვენახევრიანი მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, პირველად მოსახლეობას გადაადგილება უპრობლემოდ შეუძლია.

    თეთრიწყაროს რაიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, სწორედ ამიტომ მიიღო ხელისუფლებამ საკარანტინო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება.

    "ეს იყო ბოლო მუნიციპალიტეტი, სადაც აქამდე მოქმედებდა საკარანტინო შეზღუდვები. მე ვულოცავ მოსახლეობას. ამის საფუძველი იყო სტაბილური დინამიკა. ჩვენ 55 ინფიცირებული გვყავდა და აქედან მხოლოდ 5 რჩება კლინიკაში. 900-მდე საკვლევი მასალა გადაიგზავნა ლაბორატორიაში და ყველაფერმა ამან, ერთიანმა ძალისხმევამ მოგვცა საშუალება იმისთვის, რომ შეზღუდვები გაუქმებულიყო,"- განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

    თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის გარკვეული დისკომფორტი იყო შეზღუდვები, რადგან ვერ ახერხებდნენ სამუშაო ადგილას დაბრუნებას და ქალაქიდან გასვლას. მერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამ საჯარო თავშეყრის ადგილებში პირბადე გამოიყენოს.

    "კურიერი" ადგილობრივ მცხოვრებლებსაც გაესაუბრა, რომლებიც შეზღუდვების მოხსნას მიესალმებიან.
    27 ნახვა
    4-06-2020, 09:29