X
GOGA.TV
  • თავდაცვის მინისტრს კვირის ბოლოს პარლამენტში ელოდებიან

    თავდაცვის მინისტრს კვირის ბოლოს პარლამენტში ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12 ივნისს, პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება.

    ღარიბაშვილი დეპუტატებს მის უწყებაში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს. ამ ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც თავდაცვის მინისტრს კანონმდებლები პირველად მოუსმენენ. მწვავე კითხვებისთვის ემზადება ოპოზიცია.

    "უამრავი პრობლემაა თავდაცვის სამინისტროში და დღე არ გავა, რომ არ ვიხილოთ ძალიან მწვავე ანტიკორუფციული ჟურნალისტური გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს საკითხი და კიდევ ბევრი რამ იქნება პარლამენტში განხილვის საგანი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

    "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია კონსულტაციებს გაივლის და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, დაუსვამენ თუ არა თავდაცვის მინისტრს შეკითხვებს, ვინაიდან ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია.

    "ზოგადად საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში ვართ, სანამ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება, თუმცა იმ საკითხებზე, რომლებზეც დიდი საზოგადოებრივი ინტერესია, ზოგჯერ ვესწრებით ხოლმე. ვნახავთ იქნება თუ არა მოთხოვნა, რომ ჩვენს მიერ კონკრეტული კითხვები იყოს გაჟღერებული. არის თემები, რომლებიც საინტერესოა, მისი საათიდან დაწყებული სამინისტროში არსებული რთული ვითარებით დამთავრებული. კონსულტაციის შედეგად გადავწყვეტთ, დავუსვათ თუ არა ეს კითხვები თავდაცვის მინისტრს," - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე.

    უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით კი, მმართველი გუნდი სრულად უჭერს მხარს თავდაცვის მინისტრის მიერ განხორციელებულ სტრატეგიებს.

    "ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა შეიარაღებისა და საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე ექნება მინისტრს კარგი ინფორმაცია. შეკითხვები თუ ექნა ოპოზიციას, რასაკვირველია მზად არის პასუხი გასცეს. რაც შეეხება უმრავლესობას, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს იმ სტრატეგიას, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ატარებს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
    44 ნახვა
    9-06-2020, 09:37