X
GOGA.TV
  • 13 ამერიკელი კონგრესმენი ივანიშვილზე სანქციების დაწესებას ითხოვს

    13 ამერიკელი კონგრესმენი რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან ერთად სანქციების დაწესებას ივანიშვილზეც ითხოვს.

    "ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული," - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშშია ნათქვამი.

    კონგრესმენების რეკომენდაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების სია უნდა შეადგინოს, რაც კონგრესს მომავალი სანქციების განსაზღვრაში დაეხმარება და გარკვეულ ინდივიდებსა თუ ორგანიზაციებს კრემლისთვის მუშაობაში ხელს შეუშლის.

    ანგარიშში საუბარია საქართველოს, როგორც ნატოს მოკავშირე ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და მხარდაჭერაზეც.

    ანგარიშს "ტვიტერზე" ეხმაურება კონგრესმენი მარკუენ მალინი. რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებით, წარმოდგენილი სტრატეგია რუსეთის მიმართ აქამდე არსებულ ყველაზე მკაცრ სანქციებს მოიცავს და საქართველოში რუსეთის აგრესია უნდა შეჩერდეს.

    "რუსეთის აგრესია და მისი მოკავშირეები უნდა შეჩერდნენ, მათ შორის საქართველოში. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია რუსეთის მიმართ აქამდე არსებულ ყველაზე მკაცრ სანქციებს მოიცავს," - წერს კონგრესმენი მარკუენ მალინი.
    59 ნახვა
    11-06-2020, 08:41