X
GOGA.TV
13
  • ქართულ ოცნებაში ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკას არ ეთანხმებიან

    ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშს, სადაც ბიძინა ივანიშვილის კრემლთან კავშირზეა საუბარი, მთავრობის წევრები აკრიტიკებენ.

    საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერს ქვეყანა რუსეთისკენ არ მიჰყავს და მისი შეფასებით, ანგარიშში მოყვანილი შეფასება სიმართლეს არ შეესაბამება.

    როგორ შეიძლება საერთოდ ვისაუბროთ იმაზე, რომ "ქართული ოცნების" პარტიის ლიდერს მიჰყავს ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ და რუსეთისკენ, როდესაც ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებს, – ამბობს ზალკალიანი.

    მინისტრის თქმითვე, მთავრობის წევრები გაარკვევენ, როგორ მოხვდა საქართველოს შეფასებაში ის კრიტიკული ნაწილი, სადაც სწორედ დესტაბილიზაციაზეა საუბარი.

    როგორ შეიძლება ამაზე სერიოზული მსჯელობა საერთოდ. ვფიქრობ, რომ ამას ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური ძალა არ აქვს, ეს არის კვლევა. მოვიკვლევთ, თუ როგორ მოხდა და ვისი რეკომენდაციით ეს ერთი აბზაცი, ამ მეტად მნიშვნელოვან კვლევაში, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

    დავით ზალკალიანის მსგავსად, კონგრესმენების ანგარიშში მოყვანილ შეფასებას არ იზიარებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

    ყველანაირად ცდილობენ, რომ მცდარი, დესტრუქციული ინფორმაცია, მადესკრიდიტირებელი ინფორმაცია მიაწოდონ თავისი ლობისტების ხელით ჩვენს პარტნიორებს და ეს ფრაზა არის სწორედ ამის მანიშნებელი და თუნდაც კიდევ იმას გეტყვით, რომ ჯერ თქვენც არ გქონდათ ბოლომდე ეს წაკითხული და ოპოზიციურ ბანაკში ზოგიერთებმა უკვე ყიჟინა დასცეს, რომ აი, თითქოს, მათი შექებაა, – განაცხადა ნათია თურნავამ.

    ამერიკელი კონგრესმენები კიდევ ერთხელ ღიად ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში კრემლის დავალებებს ასრულებს და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ამის შესახებ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს.
    53 ნახვა
    11-06-2020, 09:06