X
GOGA.TV
13
  • ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

    ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. გიორგი რურუას საქმეზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მოწოდებაა პრეზიდენტის მისამართით, რომ შეიწყალოს, მათივე შეფასებით, პოლიტიკური პატიმარი. გუშინ მოსამართლის განაჩენი, რომლის მიხედვითაც რურუა გამტყუნდა წარდგენილ ორივე ბრალში, ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

    "რურუას შემთხვევა კიდევ ერთი აშკარა მაგალითია, თუ როგორ ასრულებს სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთას და რომ ასეთ საქმეებში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს. დიახ, მნიშვნელოვანი სიმბოლური ფაქტორია და ეს არის პრობლემა, რომ ეს გადაწყვეტილებაა ამ მომენტისთვის მიღებული. ჩვენი ყველასი ამოცანა არის, რომ ნებისმიერი მექანიზმით მოხდეს ამ შემთხვევის დახურვა, ივანიშვილის მხრიდან რურუას გათავისუფლება. რა მეთოდს გამოიყენებს, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,"-განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

    "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა რურუაც უნდა შეიწყალოს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად.

    "თუ ხელისუფლებას უნდა, რომ საარჩევნო გარემო დაპირისპირების გარეშე წარიმართოს, მან, როგორც მინიმუმ, არჩევნებამდე სამართლებრივი და პოლიტიკური დევნა ნებისმიერი ადამიანისა უსამართლოდ, უნდა შეწყვიტოს.

    ლოგიკური იქნება, რომ ამჯერადაც ქალბატონმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოიყენოს თავისი შეწყალების უფლება, იმიტომ რომ ზუსტად ანალოგიურია, პრაქტიკულად ის საქმე, რომელიც ახლა არის მის წინაშე იმ საქმეებისა, რომელიც ეხებოდა უგულავას და ოქრუაშვილს,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

    2020 წლის არჩევნების პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარების შესახებ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას 2020 წლის 8 მარტს მიაღწიეს. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაც იყო, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს. "ქართული ოცნება" შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს.

    გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, გიორგი რურუას კი, 30 ივლისს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით 4 წელი მიუსაჯეს.
    72 ნახვა
    31-07-2020, 09:40